თვითიზოლაციის წესების დარღვევა რუსთავში [video]

2020-03-23 00:56:41

რუსთავში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო კარანტინში იძულების წესით კიდევ 3 ადამიანი (2 ქალი და 1 კაცი) გადაიყვანეს. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ისინი რისკ ჯგუფის ქვეყნებიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ და მათივე მეზობლების ინფორმაციით, ქუჩაში დადიოდნენ იმის მაგივრად რომ სახლში ყოფილიყვნენ. ამ დროისთვის რუსთავში სულ 14 პირია იდენტიფიცირებული ვინც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, ყველა კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს.

დღეს საქართველოს მასშტაბით, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 49 ახალი ფაქტი გამოვლინდა. იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში ყველა მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.