რატომ აღარ მუშაობს ვარკეთილის მარშრუტი

2020-03-22 11:58:22

რუსთავი-ვარკეთილის მარშრუტმა მძღოლების ინფრომაციით, მუშაობა იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ კომპანია "ინტერტრანსმა" მათ ყოველდღიური გადასახადი არ გაუუქმა.

როგორც მძღოლები "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებენ, მოიჯარეებს, ამ შემთხვევაში კი კომპანია "ინტერტრანსს", დროებით გადასახადი მოეხსნა და აღნიშნული შეღავათები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქვე-მოიჯარეებზეც, თუმცა ვარკეთილის მარშრუტის მძღოლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება ვერ შედგა.

"ითხოვენ ყოველდღიურ გადასახადს, ე.წ. გეგმას, რომლის გადახდის საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ, რომ ხალხი არ მოძრაობს. ჩვენ მზად ვართ, რომ იმ რამდენიმე ადამიანს მოვემსახუროთ, თუნდაც საწვავის ფული გამოვიმუშავოთ, თუმცა  მხოლოდ უგეგმოდ", - აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი.

მძღოლების ინფრომაციით, კომპანიამ მოლაპარაკებების დროს ყოველდღიური გადასახადის შემცირება მათ 75 ლარიდან 55 ლარამდე შესთავაზა, თუმცა მძღოლები აცხადებენ, რომ გეგმის გადახდას საერთოდ ვერ შეძლებენ.

ინფორმაციას მოსაკრებლის გაუქმებასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" უდასტურებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

"საკრებულოს კომისიაზე გავიტანეთ საკითხი, რომელიც ითვალისწინებს არა მარტო ინტერტრანსთან მიმართებაში, არამედ შიდასაქალაქო ტრანსპორტთან მიმართებაშიც მოსაკრებლის გაუქმებას. დროს და პერიოდს ალბათ განსაზღვრავს საკრებულო, მაგრამ პროექტში ვადები მითითებულია და 2-3 თვეა განსაზღვრული", - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო კომენტარისთვის კომპანია "ინტერტრანსს" დაუკავშირდა. კომპანიაში განგვიცხადეს, რომ: "მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნულ სამარშრუტო ხაზს შეეჩერებინა მუშაობა".