"რუსთავი ახალ რეალობაში"

2020-03-20 18:27:11

მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა გაერკვია, როგორ შეხვდა ახალ რეალობას რუსთავი.

საინფორმაციო სააგენტოს გადამღები ჯგუფი ქალაქის თითქმის ყველა წერტილში იმყოფებოდა. ერთი შეხედვითაც მარტივი შესამჩნევია, რომ დაბოქლომებულია რუსთავში არსებული თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტი, დახურულია კვების ობიექტები. აღარ ფუნქციონირებს გასართობი ცენტრები და სილამაზის სალონები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ყველა საჯარო უწყება. დაიკეტა ე.წ. "სტამბულის ბაზარის" ტანსაცმლის ანგარი.

ამ ეტაპზე, ქალაქში ფუნქციონირებას განაგრძობს სასურსათო მაღაზიები, ასევე ალკოჰოლური მაღაზიები, აგრარული ბაზრობა, სააფთიაქო ქსელები, ბენზინგასამართი სადგურები, სამრეცხაოები, ავტომობილების სახელოსნოები და ბანკები. აღსანიშნავია, რომ ფუნქციონირება არ შეუწყვიტავს რუსთავის შემოსასვლელში არსებული ავტობაზრობა.

შეგახსენებთ, ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გუშინ, 19 მარტს მიიღო. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თუ იქნება მითითება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადაა.