იცვლება თუ არა მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკი

2020-03-20 10:28:40

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების გრაფიკი ამ ეტაპზე არ შეიცვლება. ამის შესახებ ინფო რუსთავს კომპანია "ინტერტრანსში" განუცხადეს.

"როგორც უკვე იცით, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მხოლოდ 5 სამარშრუტო ხაზი მუშაობს. მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკი არ შეცვლილა. კერძოდ, რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით მიკროავტობუსები პირველ მარშრუტს ტრადიციულ დროს შეასრულებენ, ბოლო მარშრუტი რუსთავიდან 22:00 საათზე, თბილისიდან კი 01:00 საათზე განხორციელდება"- განაცხადა ინტერტრანსის წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ.

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები შემდეგი მარშრუტით მოძრაობენ:

▪️ თოდრიის ქუჩიდან დიდუბის მიმართულებით.

▪️ მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით.

▪️ ძველი ბაზრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით.

▪️ რუსთავის რკინიგზის სადგურიდან დიდუბის მიმართულებით.

▪️ ფიროსმანის ქუჩიდან სპორტის სასახლის მიმართულებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით მგზავრებს დაახლოებით 100 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ემსახურება. მათივე ინფორმაციით, დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებები დროებით გაჩერდა და მგზავრებს გარკვეული დროის მანძილზე აღარ მოემსახურება.