"ინფო რუსთავს" რუსთაველების ნაწილი უკავშირდება კითხვით, მოხდება თუ არა ქალაქის სასურსათო მაღაზიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. როგორც მოსახლეობა საინფრომაციო სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნავს, სავაჭრო ობიექტებში ამ ეტაპზე განსაკუთრებით ბევრი ადამიანი იყრის თავს, რის გამოც აუცილებელია სპეციალური საშუალებებით მაღაზიების დამუშავება.
აღნიშნული კითხვით კორონავირუსის გამო ქალაქში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე "ინფო რუსთავმა" რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას მიმართა. ტაბაღუას ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიებში ჰიგიენის ნორმების დაცვა აქამდეც კონტროლდებოდა და ახლა კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა.
"სურსათის ეროვნული სააგენტო პირობებს მონიტორინგს ისედაც უწევს. სველი წესითა და სხვადასხვა ხსნარით დამუშავება ისედაც ყოველდღიურად ხდებოდა. ეს არ არის ვირუსზე მიბმული თემა. უბრალოდ ახლა მეტად გამკაცრდა, შეიძლება ითქვას, სხვა სადეზინფეციო საშუალებების შეძენა მოხდა. ეს გარდაუვალი პროცესია. ამას შესაბამისი სამსახური ვირუსის საფრთხემდეც აკონტროლებდა. მუშავდებოდა, უბრალოდ ახლა სისტემატიური ხასიათი მიეცა და შედარებით ძლიერი პრეპარატებით ხდება დამუშავება", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.