სპეციალური ბრიფინგი რუსთავის მერიაში

2020-03-16 20:56:27

რუსთავში თვითიზოლაციაში 34, რუსთავის საკარანტინო სივრცეში კი 93 პირი იმყოფება - ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ქალაქში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ტაბაღუას ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესი რუსთავში 26 თებერვლიდან ამოქმედდა და ამ ხნის განმავლობაში, ჯამში, აღნიშნულ რეჟიმში 70 ადამიანი იმყოფებოდა. ქალაქის მერის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, რუსთავში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 4 ადამიანია გადაყვანილი.

ბრიფინგს ირაკლი ტაბაღუასთან ერთად საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი ესწრებოდა.

დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსთავის საკარანტინო სივრცეში მყოფ არცერთ პირს საეჭვო, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ აღენიშნება. ბეგაშვილის ინფორმაციითვე, სასტუმრო ,,რუსთავში“ გახსნილ საკარანტინო ზონაში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირები არიან მოთავსებული. 

ბეგაშვილის განცხადებით, რუსთავიდან თბილისში მოგზაურობის ისტორიისა და ვირუსის ნიშნების ქონის გამო, ჯამში, 10 პაციენტის გადაყვანა მოხდა, თუმცა, არცერთ მათგანს covid-19-ით ინფიცირება არ დაუდასტურდა.