რუსთავში, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის, ძველ რუსთავში, 30 წლამდე მამაკაცი ნახეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების სპეციალური ეკიპაჟი, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
მამაკაცი თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის იძულებით გადაიყვანეს რუსთავის საკარანტინო ზონაში, რომელიც მეგობრობის გამზირზე არსებულ სასტუმროშია განთავსებული. შეგახსენებთ რომ პოლიციამ კიდევ ერთი მამაკაცი რუსთავში იგივე წესის დარღვევისთვის იძულების წესით გუშინ გადაიყვანა კარანტინში. მსგავსი ფაქტები ფიქსირდება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს. [video/ვიდეო]
15 მარტს, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 20 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
თბილისში, მცხეთაში,კახეთის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.
თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 42 ადამიანია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.