"პური უნდა იყოს შეფუთული"

2020-03-16 10:50:38

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძის განცხადებით, ვინაიდან ფულთან შეხების დროს ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს, მნიშვნელოვანია, მცირე ზომის საცხობებსა და  თონეებში ერთი და იგივე ადამიანს არ ჰქონდეს კონტაქტი ფულთან და პურის რეალიზაციასთან.

მადონა კოიძის თქმით, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტი პურია, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ის ქსელურ მარკეტებში შეფუთული სახით იყიდებოდეს. გარდა ამისა, პური შესაძლოა დაბინძურდეს დისტრიბუციის, დასაწყობების პროცესში და ასევე დახლზე, როდესაც მსხვილ ქსელურ მარკეტებში ადამიანებს აქვთ პურთან ხელით შეხების შესაძლებლობა.

„საერთოდ ვეწინააღმდეგები შეფუთვის გარეშე პურის რეალიზაციას, ეს არასწორია. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, აქ პროფესიული რეკომენდაციის მიცემა გამიჭირდება, თუმცა მე როგორც დიასახლისი, ნებისმიერ შეფუთულ პროდუქტს, როდესაც ვყიდულობ სახლში მიტანის შემდეგ სველი წესით ვასუფთავებ შენახვამდე, ეს გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მაცივარში სხვის მიერ ხელშეხებული პროდუქტი მოხვდეს“, – აცხადებს მადონა კოიძე.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავის ზოგიერთ სუპერმარკეტში პური შეფუთული სახით იყიდება, ზოგან კი რეალიზაცია შეფუთვის გარეშე ხდება.