რუსთავში ბიზნესმენთა საბჭო შეიქმნება

2020-03-11 16:02:05

რუსთავში, ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭო შეიქმნება - ამის შესახებ რუსთავის სსიპ კოლეჯ "მოდუსში" გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

შეხვედრას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი რეზო ბარბაქაძე, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც "ინფო რუსთავს" რეზო ბარბაქაძემ განუცხადა, ახალი საბჭოს ფუნქცია იქნება, რომ მეტი კორდინირება მოხდეს ბიზნესსა და ადგილობრივ თვიმმართველობას შორის, ასევე ბიზნეს სექტორი უკეთეესად იქნება ჩართული განვითარების საკითხებში და მიმდინარე თემებში, რაც ქალაქში ხდება.

"რუსთავი უკვე მესამე წელია ჩართულია საერთაშორისო ინიციატივაში მერები ეკონომიკური ზრდისთვის. ამ ინიციატივის ფარგლებში გასული წლის დეკემბერში, რუსთავს სტუმრობდა პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქის თვიმმართველობის თანამშრომელი, რომელიც იქ სწორედ ეკონომიკური განვითარების საკითხებზეა პასუხისმგებელი. აღნიშნული ვიზიტის მიზანი იყო გარკვეული გამოცდილების გაცნობა. შევარჩიეთ ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში ბიზნესმენთა მრჩეველთა საბჭოს შექმნას. საბჭოში შევლენ ადგილობრივი ბიზნესმენები, ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები, კოლეჯი მოდუსის წარმომადგენლები, ასევე იურისტი, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება სამეწარმეო სამართალში", - განაცხადა რეზო ბარბაქაძემ.

არსებული ინფორმაციით,  რუსთავი იქნება პირველი ქალაქი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში, სადაც აღნიშნული საბჭო ექნება.

"ბიზნესმენთა საბჭოს შექმნა მნიშვნელოვანია ქალაქისთვის იმდენად, რამდენადაც ეს არის ის კატეგორია, რომელსაც თავის საქმიანობაში კარგი გამოცდილება აქვთ. შესაბამისად მათი ინტერესი, რომ იყვნენ მრჩეველთა საბჭოს წევრები და მიიღონ მონაწილეობა ქალაქის გლობალური საკითხების გადაჭრაში რა თქმა უნდა ეს ქალაქისთვისაც კარგია და ბიზნესისთვვისაც შემდგომი ეკონომიკური განვითარების გზიდან გამომდინარე", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

შპს "მიკრო ელექტრონიქსის" დირექტორმა, სოსო მაზმიშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ - "მნიშვნელოვანია საბჭოს შექმნა იმ კუთხით, რომ ბიზნეს სექტორი ყველაზე პირუთვნელი იქნება მუნიციპალიტეტის წინაშე დაყენებული პრობლემების გადასაწყვეტად. მოქალაქეებთან ყველაზე ახლო კავშირი არვს ბიზნეს სექტორს და როგორც ქალაქის მერმა თქვა ის მზად არის, რომ ჩვენი რეკომენდაციები გაიზიაროს და საქმეში იყოს უკვე ასახული. შევიკრიბებით, შევხედავთ რამდენად ქმედუნარიანი იქნება და მერია რამდენად იქნება რეაგირებაზე ორიენტირებული. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაგრძელდება."