კორონავირუსის გავრცელების პრევენცია

2020-03-10 20:36:06

რუსთავის მერიაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე ირმა მესხი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი და მერიის სხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც რუსთავის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, დამატებით მომზადდება წერილობითი რეკომენდაციები ქალაქში არსებული ყველა დაწესებულების, საწარმოს, სავაჭრო და კვების ობიექტებისთვის, პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, რუსთავში სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას, სხვა საჯარო სივრცეებს, შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

რუსთავის მერიასთან დაკავშირება მოსახლეობისთვის შესაძლებელია ცხელი ხაზის საკონტაქტო ნომრებზე: 0 (341) 25 51 27, 25 51 83, 27 00. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია: rustavi.municipality@rustavi.gov.ge

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს