რუსთავს 1 მაჟორიტარი ეყოლება

2020-03-10 12:51:35

თბილისში 7 საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, იქნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. რუსთავის შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო მთელი რიგი მიმდებარე სოფლების დამატება - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან მაჟორიტარული ოლქების განაწილების პრინციპზე საუბრისას განაცხადა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ქვემო ქართლში სულ 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება.

კობახიძის თქმით, დანარჩენ შემთხვევაში, მთლიანობაში 20 საარჩევნო ოლქი ჩამოყალიბდება. ცალკე მაჟორიტარულ ოლქი იქნება ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

„მონახაზი გვაქვს შემუშავებული, დიდი მანევრირების საშუალება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა განისაზღვროს შესაბამისი საზღვრები. ქალაქებზე - თბილისზე და სამ დიდ ქალაქზე გადანაწილდება დაახლოებით 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი და დანარჩენ შემთხვევაში იქნება მთლიანობაში 20 საარჩევნო ოლქი.

გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონების სპეციფიკა, საზღვრები და სხვა შესაბამისი ფაქტორები, დიდი ლავირების საშუალება არ არის. აქედან გამომდინარე საკითხი არის არსებითად ტექნიკური. საკმაოდ მსხვილი ოლქები ყალიბდება ახალი გადანაწილების საფუძველზე, რიგ შემთხვევაში იქნება 4-5 მუნიციპალიტეტი ერთ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რაც ცვლის პრინციპში მაჟორიტარული არჩევნების სპეციფიკას გარკვეულწულად, თუმცა, ეს არის ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი საზღვრები.

თბილისში ვფიქრობთ, რომ 7 საარჩევნო ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, იქნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. რუსთავის შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო მთელი რიგი მიმდებარე სოფლების დამატება. ფოთის შემთხვევაში სასჭირო გახდება დამატებით 2 მუნიციპალიტეტის შეყვანა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ყველა შემთხვევაში იქნება ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარული ოლქი და ა.შ.

სხვადასხვა მიზეზის გამო დიდი მანევრირების საშუალება არ არის. ერთ - ერთი მთავარი მიზეზი არის ბუნებრივია, ევროსაბჭოს სტანდარტი, რომლის მიხედვით გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 15 პროცენტს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.