ონლაინ გაკვეთილები რუსთავის სკოლაში

2020-03-11 10:50:07

რუსთავის #21 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები უტარდებათ. აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ონლაინ სწავლების რეჟიმი არდადეგების გახანგრძლივებამდეც დანრეგილი იყო, თუმცა ამ ეტაპზე განსაკუთრებით გააქტიურდა.

როგორც სკოლის დირექტორი, ნინო გავაშელი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, ონლაინ გაკვეთილები მიზინად ისახავს, გახანგრძლივებული არდადეგების პირობებში, მოსწავლეები არ მოდუნდნენ.

"შევიმუშავეთ გეგმა და გადავწყვიტეთ, კლასებს ჩავუტაროთ ონლაინ გაკვეთილები. იმ მიზნით, რომ ბავშვები არ ამოვარდნენ სასწავლო რეჟიმიდან, გადავწყვიტეთ შეგვეთავაზებინა ეს სიახლე, რომელიც უკვე აპრობირებულია. კლასები დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად, ჯგუფში შედის 8-8 მოსწავლე და ამ 8 მოსწავლეს ერთად უტარდება ონლაინ გაკვეთილი.  მასწავლებელი წერს მშობლებს და ეუბნება, რომელ საათებში ჩატარდება მათი კლასისთვის გაკვეთილები და სურვილისამებრს, მშობლები ირჩევენ დროს და ნაწილდებიან ჯგუფებში. 5 დღეა დავიწყეთ და ძირითადად ჩართულები არიან დაწყებითი კლასები, თუმცა უტარდებათ მაღალ კლასებსაც. ხდება მასალის განმტკიცება და დამატებითი მასალის დამუშავება, სასკოლო გეგმას წინ არ ვუსწრებთ", - განაცხადა ნინო გავაშელმა.

გავრცელდა იმასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ შესაძლოა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, განათლების სამინისტრომ, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს.

როგორც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში“ აცხადებენ, იქედან გამომდინარე, რომ შექმნილი რეალობის წინაშე ქვეყანა პირველად აღმოჩნდა, საქართველოში ონლაინ სწავლების სტანდარტი არ არსებობს და შესაძლოა ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვალოს.

„დისტანციური სწავლების პროცესის სტანდარტი არ არსებობს. ამ რეალობის წინაშე პირველად ახლა დავდექით. ალბათ, სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლება და ხვალ ამ მიმართულებით შესაძლოა, რამე მოხდეს. სკოლის შემოწმების ან ავტორიზაციის დროს, დისტანციური სწავლების სტანდარტი ან კომპონენტი იყოს, ამ ეტაპზე არ არსებობს. თუ სტანდარტი არ არის, ე.ი. არც აკრძალული აქვთ სკოლებს მსგავსი სწავლების მოდელის გამოყენება. თუ სერიოზული საფრთხის წინაშე დავდექით, სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება შემუშავდეს. სავარაუდოდ, განათლების სამინისტრო და სახელმწიფო ერთიანი ხედვაზე იმუშავებს. მსგავსი ჩანაწერი კანონში ჯერჯერობით არ არის“, - აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში.

ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით განათლების უწყებას ოფიციალური განაცხადი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა, უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებენ, თუ ამის საჭიროება დადგება.