აღმოაჩნდა თუ არა კორონავირუსი რუსთაველ პაციენტს

2020-03-08 00:17:44

მამაკაცი, რომელიც რუსთავიდან თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე გამოკვლევის მიზნით გადაიყვანეს, უკვე სახლში იმყოფება და როგორც "ინფო რუსთავთან" აცხადებს, თავს კარგად გრძნობს. მისი ინფორმაციით, კლინიკა გუშინვე, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანიდან რამდენიმე საათში დატოვა.

"არც ყელი მტკიოდა და არც ვახველებდი. უბრალოდ სიცხე მქონდა დაბალი. გლანდები მაწუხებს და ტემპერატურაც ხშირად მაქვს. არ ვიყავი რისკ ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსული და სიმპტომებსაც რომ შეხედეს, უბრალოდ 2 გადასხმა გამიკეთეს და სასუნთქი გზები შემიმოწმეს. არაფერი არ აღმომაჩნდა. ვინც შეატყობს თავს, რომ რაღაც საეჭვოა, უნდა მიმართოს ექიმს, ეს ჩვენი საზოგადოებრივი ვალია, მეც სწორედ ამიტომ წავედი საავადმყოფოში. არც თვითიზოლაციის რეკომენდაცია მოუციათ, თუმცა მე არ ვაპირებ გარეთ გასვლას 2 კვირა", - აცხადებს მამაკაცი.

"პაციენტს ჩაუტარდა ყველა სტანდარტული კვლევა კორონავირუსზე. როგორც ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი ყველა სხვა პაციენტის, ისე რუსთაველი მამაკაცის ტესტის პასუხიც იყო უარყოფითი", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა კახაბერ იშხნელმა.

როგორც რუსთავის #1 დიაგნოსტიკურ ცენტრში განმარტავენ, პაციენტს, რომელმაც სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, სწორედ ამიტომ, აუცილებლად მიიჩნიეს დაერეკათ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე. #1 დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის, მერი ლოლაძის თქმით, მამაკაცის თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ რუსთავში გამოგზავნილმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მიიღო.

შეგახსენებთ, რუსთავიდან მამაკაცი თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში 6 მარტს გადაიყვანეს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები