რუსთავში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების უკლებლივ ყველა ფილიალი.
გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, დღეს, 2 მარტს, რუსთავის ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოების მეორე ეტაპი ჩატარდა. მისივე ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სპეციალურ ხსნარებში დამუშავება კიდევ გაგრძელდება.
"ყველაფერს, რაც კი შეიძლება დამუშავდეს სველი წესით, ვამუშავებთ სადეზინფექციო ხსნარებით. წიგნებიც კი დამუშავდება", - აცხადებს ეკა ხუციშვილი.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ა(ა) ი პ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, მომდევნო დღეებში ეტაპობრივად უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების სპეციალური ხსნარებით დამუშავებას.
ასევე, რუსთავში 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდა.