დაიწყო თუ არა რუსთავის სკოლების დეზინფიცირება

2020-03-02 11:29:52

დაიწყო თუ არა რუსთავში არსებულ საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები - ამ კითხავას რუსთავის რესურსცენტრში დუმილით პასუხობენ.

უკვე რამდენიმე დღეა საინფორმაციო სააგენტოს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ხეჩიკაშვილი.

"ინფო რუსთავს" მშობლების ნაწილი უკავშირდება და სთხოვს დააზუსტოს, დაიწყო თუ არა სკოლების სხვადასხვა ხსნარში დამუშავება, როგორც ისინი აცხადებენ, ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან.

საინფორმაციო სააგენტო რამდენიმე საჯარო სკოლაში დასაქმებულ პედაგოგს ესაუბრა და გაარკვია, რომ ჯერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილის დეზინფიცირება არ დაწყებულა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია, რუსთავში არსებული ყველა საჯარო სკოლის შესახებ, "ინფო რუსთავს" არ აქვს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავალებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, თბილისისა და ასევე რამდენიმე რეგიონის საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დაიწყო.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება, - ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.