რუსთავის მერია სუპერმარკეტებს ამოწმებს

2020-03-04 00:58:49

რუსთავში არსებული ქსელური სუპერმარკეტები ბიოდეგრადირებულ პარკებს არ იყენებენ - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მიაწოდეს.

ზედამხედველობის სამსახურმა სუპერმარკეტების შემოწმება დაიწყო.

სამსახურის ხელმძღვანელის, აკაკი ხვედელიძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რუსთავში არსებული ქსელური სუპერმარკეტები, ჯამში დაახლოებით 200 ობიექტი შემოწმდა. როგორც აკაკი ხვედელიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, გაფრთხილება მიიღო უკლებლივ ყველა მაღაზიის ადმინისტრაციამ.

"ყველა მაღაზია გავაფრთხილეთ. საქართველოში შემოწმების პროცედურა არავის არ დაუწყია, მხოლოდ რუსთავის მუნიციპალიტეტმა დაიწყო. გონივრული ვადა, 2 კვირა მიეცათ დარღვევის გამოსასწორებლად და რამდენიმე დღეში მოხდება გადამოწმება. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება პრობლემები აღმოფრხვრილი, გაიცემა საჯარიმო სანქციები", - განაცხადა აკაკი ხვედელიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ პარკზე არ იქნება წარმოშობის და ხარისხის წესი დატანილი მეწარმე სუბიექტი 500 ლარის ოდენობით, განმეორებით კი 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

მეორე ატაპზე, მერიის ზედამხედველობის სამსახური რუსთავში არსებული არაქსელური სუპერმარკეტების შემოწმებას განახორციელებს.

შეგახსენებთ, ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია 2019 წლის 1 აპრილიდან აიკრძალა.

"ინფო რუსთავმა" ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავის მაღაზიებში პოლიეთელინის პარკები კვლავ იყიდებოდა, რამდენიმე თვის წინ გაავრცელა.