პრემიერი კორონავირუსზე

2020-02-27 11:10:40

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომაზე განაცხადა, შესაბამისის უწყებების მიერ ვითარება კონტროლდება.

„მოგეხსენებათ, გუშინ ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. მთავარია ის, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ის რეკომენდაციები, რომელიც რამდენიმე დღეა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება. ასევე, მინდა გითხრათ, რომ აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საკორდიინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც 28 იანვარს შეიქმნა. სწორედ, ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, სწორედ ისე, რომ ფაქტობრივად, ამ შემთხვევას არანაირი შეხება არ ჰქონია ჩვენს მოქლაქეებთან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეული თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე როგორც მესაზღვრეებს და საბაჟოს თანამშრომლებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში დროულად იქნა აღმოჩენილი, რამაც შეზღუდა ინფიცირებული პირის მიერ სხვა ადამიანებთან კონტაქტის შესაძლებლობა და შესაბამისად შეამცირა ვირუსის გავრცელების ალბათობა. აღნიშნული პიროვნება ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ გუშინ ღამით განხორციელდა ინფექციური საავადმყოფოდან დანარჩენი ცამეტი პაციენტის საკარანტინო ზოლში გადაყვანა.

ამ მომენტისთვის საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი. აქედან 5 შემოსულია იტალიიდან, 5 კი ირანიდან. მათ შორის 5 არის საქართველოს მოქალაქე, 1 იტალიის, 4 კი აზერბაიჯანის მოქალაქე.

„ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას და ამ დროისათვის, ჩვენ გვაქვს საკმარისი ადგილები იმისათვის, რომ მოვახდინოთ იმ მოქალაქეების იზოლაცია, რომლებიც იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. კარანტინისთვის განკუთვნილი დაწესებულებები განთავსებულია საქართველოს სხვა და სხვა ადგილზე. ჩვენ ვზრუნავთ იმისათვის, რომ მათ ქონდეთ შესაფერისი პირობები, ასევე მობილიზებულია საავადმყოფოები, როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და თბილისში. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ 24 საათიან რეჟიმში მუშაობას ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.