"მანქანა ჩალაგებული მაქვს, მე თვითონ მივალ"

2020-02-10 18:36:51

"ჩემთვის ცნობილი იყო ამ გადაწყვეტილების შესახებ, მანქანა ჩალაგებული მაქვს, მაცნობონ რომელ ციხეში უნდა მივიდე და მე თვითონ მივალ. გავუფრთხილდეთ ბიუჯეტს და თანხის არამიზნობრივ ხარჯვას. მე ბრალს არ ვაღიარებ და ციხიდან განვაგრძობ ბრძოლას", - ასე გამოეხმაურა გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.

„არ ვაპირებ, შევიდე სამართლებრივ ნაწილში იმიტომ, რომ სამართლებრივად ეს ყველაფერი უბრალოდ არაფერი არ არის, ცარიელი ადგილია. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც ამ საქმის გაცნობის დროც კი არ ჰქონდათ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც კი არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება. უვიცი მერაბ გაბინაშვილის და უდიპლომო შალვა თადუმაძის ( რომელსაც თვის ბოლოს კიდევ უფრო დააწინაურებს ივანიშვილი) ხელით მომისაჯა ეს ბოდვა,“ - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა. უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.