Facebook-ი ძალადობის ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას დაბლოკავს.

2017-04-19 22:22:38

Sky News-ის ინფორმაციით, Facebook-მა ძალადობის შემცველი ვიდეოების კონტროლის წესის ცვლილებაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში ოჰაიოში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. 37 წლის სტივ სტივენსონმა ქალაქ კლივლენდში, Facebook Live-ში 74 წლის მოხუცი მოკლა. Live-ში ის ასევე საუბრობს მის მიერ ჩადენილ სხვა მკვლელობებზე და ამბობს, რომ იგივეს მომავალშიც გეგმავს. მკვლელობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ორი საათის განმავლობაში იყო გამოქვეყნებული, რის შემდეგაც მომხმარებლებმა ვიდეო დაარეპორტეს და მისი წაშლა მოითხოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა სტივ სტივენსონმა, გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. პენსილვანიის შტატის პოლიციის განცხადებით, სტივენსონმა მას შემდეგ გადაწყვიტა თვითმკვლელობა, რაც პოლიციამ იგი Erie Country-ში ამოიცნო. ხელისუფლება სტივენსს, რომელიც თვითნასწავლი მექანიკოსის, რობერტ გოდვინის მკვლელობის გამო იძებნებოდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ორი დღის განმავლობაში ეძებდა.

Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯასტინ ოზოფსკი თავის ბლოგზე წერს, რომ „კომპანიისთვის პრიორიტეტულია მათი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის ყველა ზომის მიღება და ისინი მუშაობენ იმაზე, რომ განხილვის პროცესი უფრო დაჩქარდეს“. კომპანია ასევე იმუშავებს მომხმარებლების მიერ ძალადობის ამსახველი ვიდეოების შესახებ Facebook-ის სწრაფად გაფრთხილების მექანიზმებზე. მოგვიანებით ერთ-ერთ გამოსვლაში განცხადება გააკეთა "ფეისბუქის" დამფუძნებელმა მარკ ცუკენბერგმა და აღნიშნა რომ კომპანიას ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.