გზა კათარზისიდან მილიონერობამდე

2020-01-27 16:05:41

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ ბათუმში, დევნილთა დასახლებაში იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ავრცელებს.

„ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ გამარჯვებული რამდენიმე დღე არ ჩანდა.

1 182 454 ლარი 77 წლის ვალიკო კვაჭაძემ და მისმა შვილმა გიორგი კვაჭაძემ მოიგეს. დღე ჩვეულებრივი იყო. ჯერ რიგში იდგა სოციალურად დაუცველების სასადილოში, შემდეგ შვილმა გამოუარა და სახლისკენ ერთად გაემართნენ, გზად ჯიხურთან შეჩერდნენ. 18 იანვარს „ლოტო 6/42“-ის ბილეთი  შეიძინეს. ციფრებიც ერთად შეავსეს – მამა კარნახობდა, შვილი კი ბილეთს ავსებდა. ბევრი იფიქრეს, განსაკუთრებით ბოლო ციფრზე დაფიქრდნენ და საბოლოოდ ეს კომბინაცია დასვეს: 17, 24, 25, 29, 33 და 36. კომბინაცია, რომელმაც კვაჭაძეების ცხოვრება წამიერად ზღაპრულ სიუჟეტად აქცია და სამუდამოდ უკეთესობისკენ შეცვალა.

ბილეთის შეძენამდე ერთი დღით ადრე, 17 იანვარს ვალიკო კვაჭაძეს 77 წელი შეუსრულდა. მანამდე ის და მისი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების მძიმე ყოფით ცხოვრობდა. უკვე რვა წელია, საკუთარი ბინა დაგირავებული აქვთ და  ბათუმის დევნილთა დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ბინის დაბრუნების ოცნებამ ლატარიის თამაში დააწყებინათ. ლატარიას კი კათარზისის სასადილოსკენ მიმავალ გზაზე ყიდულობდნენ, იმედად მხოლოდ მოგება ჰქონდათ დარჩენილი. და მოიგეს! 1 182 454 ლარი!