"ბოინგ 737" თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა

2020-01-14 12:41:55

ირანში უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ირანის სასამართლოს წარმომადგენლის გოლამხოსეინ ესმაილზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესმაილს არ დაუზუსტებია თუ რამდენი ადამიანია დაკავებული და ვინ არიან ისინი.

ირანი დასჯის ყველა პირს, რომელიც უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომის ჩამოგდებაზეა პასუხისმგებელი, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ეს „ტრაგიკული მოვლენა“ ძირფესვიანად უნდა იყოს გამოძიებული.

მისივე თქმით, ირანმა უნდა დაარწმუნოს ყველა, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა გახდა" და მათ „ბოინგ 737“ „უნებლიედ“ ჩამოაგდეს. „ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.