მოხუცი, რომელიც იპოვნეს, გარდაიცვალა

2020-01-05 21:22:05

რუსთაველი მოხუცი, რომელსაც 2 დღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ გუშინ, 4 იანვარს მიაკვლია, გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ვერიკო ოთარაშვილი რუსთავში, მიტოვებული შენობის ნანგრევებში იპოვნეს, იგი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში სამედიცინო შემოწმებაზე გადაიყვანეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია, 85 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის შემდეგ დამძიმდა. მას გვიან ღამით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გული გაუჩერდა.

"რომ ვიპოვეთ, გონებაზე იყო, მიცნო კიდეც და მესაუბრა. თავიდან უფრო კარგად იყო, მაგრამ სხეული ჰქონდა გაყინული და ტემპერატურა დაუვარდა, ვეღარ აუწიეს. მართვით სუნთქვაზეც გადაიყვანეს, მაგრამ სულ რაღაც 2 საათი გაძლო", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" საუბარში გარდაცვლილის შვილიშვილი.

შეგახსენებთ, ვერიკო ოთარაშვილს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ის 3 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. პოლიციამ 2 დღიანი ძებნის შემდეგ მოხუც ქალს მიტოვებული შენობის ნანგრევებში მიაკვლია.