როდის აშენდება რუთავში სპორტის სასახლე

2019-12-10 22:35:59

აშენდება თუ არა სპორტის სასახლე რუსთავში? ეს კითხვა რუსთაველების დიდ ნაწილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ქალაქში სპორტული კომპლექსის მოწყობის ვადებმა რამდენჯერმე გადაიწია, აქტიური სამუშაოები აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად კი ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

მოსახლეობისთვის აქტუალური და საინტერესო კითხვა "ინფო რუსთავმა" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, შალვა გოგოლაძეს დაუსვა და გაარკვია, რომ ამ დროისთვის სპორტ-კომპლექსის პროექტირების სამუშაოები დასრულების ფაზაშია. გოგოლაძის ინფორმაციით, აქტიური სამშენებლო სამუშაოების დაწყება ქალაქში 2020 წელს არის დაგეგმილი

"რუსთავში იგეგმება მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ყველა სათამაშო სპორტის სახეობას და ასევე ინდივიდუალური სპორტის სახეობის გარკვეულ მიმართულებებსაც. უკვე დამთავრებულია საპროექტო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო  2020 წელს დაიწყებს მშენებლობას აღნიშნული სპორტის სასახლის", - განუცხადა "ინფო რუსთავს" შალვა გოგოლაძემ.

სპორტული კომპლექსის განთავსების ადგილმდებარეობად მე-12 მიკრორაიონი, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაა შერჩეული და პროექტის დაახლოებითი ღირებულება 12 მილიონი ლარია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლოკაცია და სხვა ბევრი დეტალი საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებულია, ფაქტია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი არაერთგზის მოხვდა "ინფო რუსთავის" რუბრიკაში "წლის ვერ ან არ განხორციელებული პროექტები".

თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლის მშენებლობას  საფუძველი 2011 წლის ოქტომბერში ჩაეყარა და როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებდა, მშენებლობა ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყო საუბარი, რომ პროექტი მაინც განხორციელდებოდა, თუმცა შარტავას გამზირზე დაგეგმილი სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი, ფაქტია, არ განხორციელებულა.

შემდგომ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ განაცხადა, რომ რუსთავში სპორტ-კომპლექსის მშენებლობა 2018 წელს დაიწყებოდა, მშენებლობა არც 2018 წელს დაწყებულა.

უკანასკნელი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით 2019 წელს გავრცელდა, მაშინ, როდესაც მე-12 მიკრორაიონში პროექტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა და დაანონსდა, რომ სპორტის სასახლის მშენებლობა რუსთავში 10-12 თვეში დასრულდებოდა. თუ ამ ინფორმაციით ვიმსჯელებთ, რუსთაველებს სპორტ-კომპლექსი უკვე უნდა ჰქონდეთ, თუმცა რელობა სხვაგვარია, მისი მშენებლობა დაწყებული ჯერ კიდევ არ არის.