რუსთავში სპორტის სასახლე აშენდება

2019-02-16 00:22:46

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, რაგბის სტადიონის მიმდებარედ სპორტ-კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ იმ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა, რომელიც კომპლექსის პროექტირებას ახორციელებს.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა, კომპლექსის მშენებლობა შესაძლოა 10-12 თვეშიც დასრულდეს. მისი თქმით, სპორტ-კომპლექსი 2 სართულიანი იქნება და სწორედ იმ სპორტსმენებისთვის გახდება წახალისების საშუალება, რომლებსაც ვარჯიში არასათანადო პირობებში უწევთ.

"1 კვირაში დასრულდება პროექტი და მუნიციპალური განვითარების ფონდში მოხდება მისი წარდგენა. მშენებლობის მაშტაბები და ღირებულება გაიზარდა. სპორტ კომპლექსს დაემატა 3 დარბაზი, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალება ექნება. ეს არის კრივის, ჭიდაობისა და ორთაბრძოლის დარბაზები. მაშტაბები გაეზარდა კალათბურთის მოედანსაც და გახდა სტანდარტული, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს მინი ფეხბურთის ტურნირი, ხელბურთისა და ფრენბურთის ტურნირები. სპორტ-კომპლექსი იქნება 2 სართულიანი და ვარაუდობენ, რომ 10 თვიდან 12 თვემდე ვადებში უნდა მორჩეს მისი მშენებლობა. ეს ცენტრი იქნება ზუსტად იმ სპორტსმენებისთვის, რომლებსაც ცუდ პირობებში უწევთ მოსამზადებელი პერიოდების გავლა. პროექტირების ღირებულება თავიდან მერყეობდა 8-დან 10 მილიონ ლარამდე, ახლა კი 12-დან 14 მილიონამდე გაიზარდა მისი ღირებულება. ამას აფინანსებს თავიდან ბოლომდე მუნიციპალური განვითარების ფონდი", - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

"როიალ არტ ჯგუფის" დირექტორის, მიხეილ მახარაძის თქმით, რეალობისგან აცდენილი არ არის ის ვარაუდი, რომ კომპლექსს დასრულებული სახე 1 წელიწადში ჰქონდეს.

"პროექტი თებერვლის ბოლოს სრულდება, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა შეითანხმოს ეს პროექტი და ამასაც თავისი ვადები აქვს. შესაძლებელია, რომ 1 წელში დასრულდეს სპორტ-კომპლექსის მშენებლობა, თუ ნორმალური მშენებელი შემოვა, რომელსაც გამოცდილება აქვს", - განაცხადა მიხეილ მახარაძემ.