რუსთავში ციხის მშენებლობა

2019-12-14 12:34:47

ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლება 2 შესაძლო ვარიანტს განიხილავს - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

შოთა რეხვიაშვილმა გარეჯის ქუჩაზე გამართულ აქციაზე გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, მოსახლეობასთან ციხის მშენებლობის საკითხიც მიმოიხილა. რწმუნებულის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მოსახლეობის განწყობა საკითხთან დაკავშირებით დაინახა და შესაბამისი ზომებიც მიიღო.

"ციხესთან დაკავშირებით ხელისუფლებამ დაინახა, რომ არ იყო სურვილი და შესაბამისი განწყობა მოსახლეობის მხრიდან ამ მასშტაბის ციხე აშენებულიყო. 2 გამოსავალია, ან საერთოდ შეჩერდება  მშენებლობა, ან ხალხთან შეთანხმებით, სათვალთვალო ანძები, უხეში შემოღობვები და ყველაფერი ის, რაც დისკომფორტს უქმნიდა ადგილობრივებს, მაქსიმალურად შეიწევს შიგნით, დაახლოებით 60-დან 100 მეტრის დაშორებით დასახლებიდან. მზად არ ვარ გადაწყვეტილად გითხრათ, რომელ ვარიანტზე შეჯერდება თქვენთან ერთად ხელისუფლება, დიდი ალბათობით, შესაძლოა ციხე არ აშენდეს. თქვენთან, მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე არცერთი ვერსია არ განვითარდება", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, ციხის მშედნებლობამ რუსთავში მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. საკითხთან დაკავშირებით დროთა განმავლობაში სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროში "ინფო რუსთავს" არ დაუდასტურეს მშენებლობის შეჩერების ფაქტი, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ჩვენთან საუბარში ექსკლუზიურად განაცხადა, რომ პენიტენციალური დაწესებულების მშენებლობისთვის შესაძლოა სხვა ლოკაცია მოიძებნოს.