"თეთრი ქუდი" დაჯარიმდა [video]

2019-12-05 00:04:14

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე (გაჩიანის ხიდთან), სოკოს საწარმო "თეთრ ქუდში" ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს. საწარმო 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.[ვიდეო/video]

"ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ შპს „თეთრი ქუდი“ კუთვნილ სოკოს საწარმოში, კომპოსტის დამზადებით ახორციელებს ნარჩენების აღდგენას. ეს საქმიანობა ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი სკრინინგის პროცედურის გავლას, რაც შპს „თეთრი ქუდის“ მიერ არგანხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 797 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. გარდა ამისა, დადგინდა, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, შპს „თეთრქუდს“ არ გააჩნია ნარჩენების მართვის გეგმა, რაც ითვალისწინებს ნარჩენების მართვისკოდექსის 43-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და ასევე - კომპანია არ ახორციელებს წარმოებაში წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების სეპარირებას, რაც წარმოადგენს ნარჩენების მართვის კოდექსის 45-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. ზემოაღნიშნულ დარღვევებზე დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ, 2019 წლის 3 დეკემბერს, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებოქმები, რომლებიც სასამართლოში გადაიგზავნება", - აცხადებენ დეპარტამეტში.

უსიამოვნო სუნი, რომელიც ქალაქში უკვე 1 წელზე მეტია შემოედინება, რუსთაველებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ამ ხნის განმავლობაში "ინფო რუსთავი" ინტენსიურად აშუქებდა აღნიშნულ პრობლემას. შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუნის გავრცელების კერა შესაძლოა საწარმო "თეთრი ქუდი" ყოფილიყო, "ინფო რუსთავმა" პირველმა გაავრცელა. ჯერ კიდევ 1 წლის წინ "ინფო რუსთავმა რამდენჯერმე მიმართა საწარმოს და ფაქტის შესახებ აცნობა, თუმცა ხელმძღვანელობა არ აღიარებდა, რომ სუნი "თეთრი ქუდიდან" ვრცელდებოდა. მას შემდეგ, რაც "ინფო რუსთავმა" რამდენიმე პირდაპირი ჩართვა განახორციელა, სადაც საწარმოს თანამშრომლები სუნის არსებოობას ადასტურებდნენ, საქმით სხვადასხვა ორგანო დაინტერესდა, ამის შემდეგ კი კომპანიამ ფაქტი ვერ უარყო. საინფორმაციო სააგენტომ ასევე ექსკლუზიურად გადაიღო და გაავრცელა კადრები, სადაც სოკოს კომპოსტირების პროცესია ასახული. არსებული ინფორმაციით, სუნის წარმოქმნა სწორედ ამ პროცესის დროს ხდება.

თანამედროვე დანადგარი, რომელიც საწარმოს ხელმძღვანელობის დაპირებით, შეამცირებდა სუნის გამოყოფას, "თეთრმა ქუდმა" სავარაუდოდ უცხოეთიდან უკვე მიიღო, თუმცა უცნობია მოხდა თუ არა დანადგარების მონტაჟი. ფაქტია, რომ უსიამოვნო სუნის გავრცელება ქალაქში მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები