რუსთაველმა ცოლ-ქმარმა ბრიტანეთში ქართული რესტორანი გახსნა.
ქეთი და ზეზვა მაღლაკელიძეები რამდენიმე წელია, რაც ემიგრაციაში არიან. ისინი ლონდონთან ახლოს ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობენ. ახალგაზრდა წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს.
რაც შეეხება მათ საქმიანობას ლონდონში, ბიზნესი დიდი ხნის წინ დაიწყეს და დღეს უკვე ორი კომპანია აქვთ, მესამე კი ფორმირების სტადიაშია.
ქეთი მაღლაკელიძე "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს - "ბიზნესის იდეა ჩვენი არ ყოფილა, გვყავდა ერთი გულისხმიერი მეზობელი, რომელიც ძალიან იყო დაინტერესებული ქართული კულტურით, ერთ დღესაც ჩვენთან მოვიდა ტელეფონის ნომრით ხელში და გვითხრა, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულ კერძებს ვამზადებთ, რისი მსგავსიც ირგვლივ არაფერია და კარგი იქნებოდა თუ ადგილობრივებსაც გავუზიარებდით ჩვენი კერძების გემოებს. ქალაქის ცენტრში უნდა მივსულიყავით ჩვენი დროშით და საჭირო ნივთებით, სადაც ჩვენთვის ადგილი იქნებოდა გამოყოფილი. ეს ყველაფერი არარეალურად მეჩვენებოდა, რადგან გვყავდა სკოლამდელი ასაკის ბავშვები და თან ორივე დასაქმებული ვიყავით, მითუმეტეს არანაირი კომერციული, ან კულინარიული გამოცდილება არ გვქონდა, ჩვენს მეზობელს ზრდილობის გამო გამოვართვი ნომერი და დამავიწყდა იმ დრომდე სანამ მარი-პიერეტი კიდევ არ მოვიდა და ასე გაგრძელდა რამდენიმე კვირა. ბოლოს, როგორც იქნა, გავედით და ვნახეთ რა იყო "სტრით-ფუდი", როგორ ხდებოდა საველე პირობებში საჭმლის მომზადება, რა იყო საჭირო საამისოდ და ა.შ.".
როგორც ქეთი "ინფო რუსთავთან" საუბრისას ყვება, ცოლ-ქმარმა ყველა საჭირო ნივთი შეიძინა, გაიარეს ჰიგიენის სავალდებულო კურსები და ჩაებნენ "სტრით-ფუდში". თავდაპირველად უფასოდ ემსახურებოდნენ დაინტერესებულ პირებს, თანდათან ემატებოდათ კმაყოფილი მომხმარებლები, ნელ-ნელა კი იზრდებოდა მოთხოვნა მათ მომზადებულ კერძებზე. საბოლოოდ ორივემ გადაწყვიტა უფრო მეტი სერიოზულობით მოკიდებოდნენ საქმეს და ასე აქციეს თავსმოხვეული ქართული სამზარეულოს გაცნობა საზოგადოებისთვის თავის ძირითად საქმიანობად.
მათი საწყისი კაპიტალი 200 გირვანქა სტერლინგი იყო, ყველაზე დიდ სირთულეს საზოგადოებაში თავის დამკვიდრება წარმოადგენდა იქ, სადაც კერძების ათასნაირი არჩევანია.
რუსთაველი წყვილის კაფე-რესტორანი ძალიან მულტიკულტურულია, ქართული ტრადიციული და გათანამედროვებული კერძების გარდა ამზადებენ ადგილლბრივ და საერთაშორისო კერძებსაც, მაგრამ მათი მომხმარებლები ძირითადად ქართველები არიან.
წყვილს სხვადასხვა ქალაქებიდანაც სტუმრობენ, ისინი კი ქართულ კულტურაზე ესაუბრებიან, ასწავლიან ხაჭაპურის და ხინკლის მომზადებას, აგემოვნებინებენ ქართულ ღვინოს და ა.შ.
ამჟამად რესტორანში ქართველები მხოლოდ ქეთი და ზეზვა არიან, მათ გარდა კი შვედი, ნორვეგიელი, სლოვაკი, იტალიელი და რა თქმა უნდა ინგლისელი მზარეულებიც მუშაობენ, ვისაც შესანიშნავად შეასწავლეს ხაჭაპურის და ლობიოს გაკეთება.
მაღლაკელიძეების ბიზნესი არ შემოიფარგლება მხოლოდ კაფე-რესტორნით, მათ ამის გარდა აქვთ ონლაინ მაღაზია "სუნელი", რისი მეშვეობითაც თავად შემოაქვთ პროდუქცია და მსოფლიოს მასშტაბით ამარაგებენ მომხმარებლებს, რომელთა შორის ცნობილი შეფებ-მზარეულები და ქართული სუნელებით დაინტერესებული მცირე ბიზნესები არიან. ასევე აქვთ საცხობი და ამარაგებენ სხვა კაფეებს ხაშზე დამზადებული პურით.
მაღლაკელიძეების სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება. წყვილის სურვილი აქვს სოფელში ცხოვრების, სადაც საკუთარი მეურნეობა ექნებათ.