მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება

2019-11-28 13:49:42

17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

„მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების მიხედვით მოამზადა კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესატანად. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარდების გარდა, მოხდება მინიმალური ასაკობრივი ზღვარის დირექტივასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებათა A1 და B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად დადგენილი ასაკობრივი ზღვარი შეიცვლება და 17 წლის ნაცვლად 18 წელი გახდება. ამ ეტაპზე კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო კომიტეტებზე. პროცედურის მიხედვით, საკომიტეტო განხილვების შემდეგ მოსმენა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლები მხარს დაუჭერენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, ცნობილი გახდება ის თარიღი, როდესაც ძალაში შევა საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტი.