რუსთაველის გამზირზე აქცია დაიწყო

2019-11-25 19:18:33

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყეს. მათთან ერთად არიან სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა „შეცვალეს” წევრები. ისინი პარლამენტის წინ დადგეგმილ აქციას შეუერთდებიან. აქციას რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტებიც შეურთდნენ. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ „საქართველო“.

17:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები.

როგორც ისინი ამბობენ, პარლამენტის შენობის პიკეტირებას აპირებენ. მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატები იქ ყოფნას არ იმსახურებენ, რადგან საქართველოს მოქალაქეების დაკვეთას არ ასრულებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, ხვალ დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან, დღევანდელი აქცია კი, მათი თქმით, ამის დემონსტრირება იქნება.

აქციის გამო, რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა. თავდაპირველად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალა.

თავის მხრივ, უკვე შეკრებილები არიან პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები.