კახა კალაძე ანიტას დაეხმარება

2019-11-23 12:52:32

2 წლის ანიტას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში კახი კალაძის მისამართით მადლობის წერილს აქვეყნებს. მოგეხსენებათ, თბილისის მერია და უშუალოდ კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად.მარიკო სადრაძე აღნიშნავს, რომ ჯერ არ იცის რა თანხით დაფინანსებაზეა საუბარი, თუმცა, მისი თქმით, პირადად კახა კალაძე 30 000 ლარს ურიცხავს ოჯახს.

„ვიცი ბატონ კახის არ უყვარს აფიშირება, მაგრამ მე რომ საჯარო მადლობა არ გადავუხადო უბრალოდ გული გამისკდება… ყოველ დღე მისი უშუალო დავალებით მეკონტაქტებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას დახმარებისთვის ( თუმცა, რა თქმა უნდა, რა თანხით დახმარებაზეა საუბარი არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი) ყველაზე გულის ამაჩუყებელი ჩემთვის იცით რა იყო? არა თანხით დახმარება, არამედ თურმე ბატონი კახი ყოველ დღე კითხულობდა როგორ არის ის პატარა გოგოო <3 <3 <3

დღეს მომწერეს, რომ საკუთარი ფინანსებით 30.000 ლარს ურიცხავს ჩემს ოჯახს. როდესაც კალკულაცია მექნება, მერია მზადყოფნას აცხადებს დახმარებისთვის. მსგავსი ტიპის შეტყობინება შემომივიდა დღეს. ეს დღეები იმდენი ემოცია აირია ჩემს თავში, უკვე აზრების დალაგება მიჭირს. ის, რაც არასდროს არ გამომივა პირფერობაა და ვინც მე მიცნობს, კარგად იციან ეს! ისიც იციან რამხელა სიმპატიით ვიყავი ჩვენი მერის მიმართ განწყობილი.

ალბათ გული მიგრძნობდა :)) მის ოჯახს ღმერთი დაუბრუნებს ამ და სხვა სიკეთეებს აუცილებლად. მე კი ჩემი მხრიდან ისევ ისღა დამრჩენია, ჩემი გაცვეთილი და მოკრძალებული მადლობა ვუთხრა მას და ყველას თქვენ, ვინც ჩემი ტანჯვის ცრემლები სიხარულის ცრემლად აქციეთ <3 პ.ს. მეგობრებო, ჯერ მეც არ ვიცი რა თანხით დაფინანსებაზეა საუბარი. ეს ჯერ არავის დაუკონკრეტებია“, - წერს სოც.ქსელში ანიტას დედა.

შეიძლება ითქვას, რომ 2 წლის ანიტა ფაცაციასთვის მთელი საქართველო გაერთიანდა. ანიტას ოპერაციისთვის 300 000 ევროა საჭირო.

კამპანია "ანიტასთვის" სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს. ფულის შეგროვების მიზნით ამ სახელწოდების ფეისბუქ გვერდიც შეიქმნა, რომელსაც 40 ათასი წევრი ჰყავს.

ამჟამად გოგონა დედასთან ერთად ავსტრიის ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფება. ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოფატია რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: „თიბისი ბანკი“ – GE38TB7855945064300017; „საქართველოს ბანკი“ – GE28BG0000000100761966 – მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია).