მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტი

2019-11-25 14:39:42

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებისა და 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ იმსჯელეს.

კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 64 556 700 ლარი გახდა. თანხის გაზრდა მთავრობის ახალი განკარგულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ გამოთავისუფლებული ეკონომიების ხარჯზე  მოხდა. თანხა რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით გადანაწილდა, მათ შორისაა, ინდივიდუალური დახმარებისა (35 000 ლარი) და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამების (10 000 ლრი) დაფინანსება.

გარდა ამისა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა გამოიწვია მუნიციპალური ავტოტრანსპორტის განვითარების პროექტის დაფინანსების აუცილებლობამ. იმ ავტობუსების სადგომის მოსაწყობად, რომელთა ქალაქში შემოყვანასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს, პირველ ეტაპზე 200 500 ლარია გათვალისიწნებული.

რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს, რუსთავის მომდევნო წლის ბიუჯეტი ამ დროისთვის  46 306 400 ლარითაა განსაზღვრული. შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელს პრიორიტეტულ მიმართულებად ისევ რჩება ინფრასტრუქტურა, ამ ნაწილში ბიუჯეტით თანხის ყველაზე დიდი ოდენობა, დაახლოებით 7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ასევე მომდევნო წელს პრიორიტეტული მიმართულებებია სოციალური პროექტებისა და განათლების დაფინანსება.

1 800 000 ლარით იზარდა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დაფინანსება და 8 740 300 ლარი ხდება. კომისიის სხდომაზე ითქვა, რომ თანხის გაზრდა ახალი 9 ჯგუფის შექმნის, ბავშვებისა და გამომდინარე აქედან, პერსონალის რაოდენობის ზრდის გამო გახდა აუცილებელი.

2020 წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია მერიის ზოგიერთი სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა, მათ შორისაა, ბაგა-ბაღების გაერთიანება, რუსთავის ისტორილი მუზეუმი, ბიბლიოთეკა და მოხუცებულთა სახლის ხელშეწყობა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები შემდგომი განხილვისთვის, საკრებულოს ბიუროს გადაეცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის სხდომა აზრთასხვადასხვაობის ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატების ნაწილის აზრით, ბიუჯეტის პროექტი დასახვეწია. ასევე აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებს, პრეტენზია ჰქონდათ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში, რუსთავში არსებული ლიფტების მოწესრიგების საკითხი გათვალისწინებული არ არის.