ცოცხი ბოქლომის სანაცვლოდ

2019-11-22 13:28:19

პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა მხეიძის ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირების დროს, "ევროპული საქართველოს" წევრს, ნინო იმედაშვილს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ცოცხები გადასცეს.

მმართველი პარტიის ამომრჩევლებმა იმედაშვილს ბოქლომის ცოცხში გადაცვლა შესთავაზეს, თუმცა შეთანხმება არ შედგა.

როგორც ინიციატვის ავტორები აცხადებდნენ, ცოცხი არის სწორედ იმ ხელისუფლების მმართველობის სიმბოლო, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა" და ახლა უკვე "ევროპული საქართველოს" ლიდერებისაგან იყო შემდგარი.

შეგახსენებთ, დღეს ხმაური იყო მაჟორიტარი დეპუტატის პაატა მხეიძის ბიუროსთან. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატის ბიუროს  კარზე ბოქლომის დადების მცდელობას მოჰყვა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა „ევროპული საქართველოს" წევრებს კარის „დაბოქლომების“ საშუალება არ მისცეს.