საქსტატი: უმუშევრობა 11.1%-მდე შემცირდა

2019-11-19 11:38:22

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 11.1%-მდე შემცირდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. მეტიც, ეს საქართველოს ისტორიაში რეკორდულად დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელია.

თუმცა, სინამდვილეში უმუშევრობის შემცირება არა დასაქმების ზრდამ, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილის შემცირებამ გამოიწვია. საქსტატის მიხედვით - "2019 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.5 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად, 1.8 და 0.9 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.4 პროცენტული პუნქტით."

ამასთანავე, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული მათი რაოდენობა, ვინც დაქირავებით არის დასაქმებული (ანუ ხელფასს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებს).

"2019 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით," - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.