პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია

2019-11-18 11:29:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. სამოქალაქო აქტივისტებს პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებული აქვთ.

პარლამენტთან პირველი რევაზ არველაძე მივიდა, ადგილზე იმყოფებოდა დეპუტატი მერაბ ქვარაიაც, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, უსამართლოა.

"გვიჭირს ხალხის დაწყნარება, როცა მათ სიფათებს ხედავენ, ადამიანების, რომლებმაც სამშობლო კაპიკად გაყიდეს", - ამის შესახებ პარლამენტთან „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

მან პოლიციას მოუწოდა, დეპუტატები არ მიუშვან იმ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები დგანან.

აქციის მონაწილეებსა და დეპუტატს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გიორგი ვაშაძე მერაბ ქვარაიას გაესაუბრა და უთხრა, რომ დეპუტატებს აქციის მონაწილეები პარლამენტში არ შეუშვებენ და მათი ადგილზე მისვლა მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული აქციის დროს პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას შევიდნენ შენობაში და მუშაობა განაგრძონ. პროტესტის მიზანს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება წარმოადგენს.