პარლამენტთან აქცია დაიწყო

2019-11-17 16:07:28

დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ.

სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად აქციის მონაწილეებს უკვე შემოუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ აქციის ირგვლივ გაერთიანებულია თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი და როგორც ოპოზიციის ლიდერები “ინფო რუსთავთან” საუბარში აღნიშნავენ, ისინი დღეს რუსთაველზე დგანან “ერთად ერთის წინააღმდეგ”, ერთი კი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.

აქციის ორგანიზატორებს 4 მთავარი მოთხოვნა აქვთ.
1. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება.
2. მთავრობის გადადგომა.
3. საარჩევნო ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის ჩატარება.
4. 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების განთავისუფლება. მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები უწყვეტ ხასიათს მიიღებს. ამ დროოსთვის კი აქციის მონაწილეები პარლამენტის პიკეტორებას იწყებენ.