აქციას რუსთაველებიც უერთდებიან

2019-11-17 13:51:51

თბილისში დაგეგმილ აქციას ოპოზიცია რუსთავიდანაც უერთდება. რუსთაველების ნაწილი ვადამდელ პროპორციული არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

საპროტესტო აქციაზე გამოაცხადებენ ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, რომელზეც პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში 16 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. წინასწარი ინფორმაციით, გეგმა ოთხპუნქტიანია.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მთავრობის გადადგომას და, შესაბამისად, ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში.

დღესვე, 17 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია. ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის თანახმად, დღეიდან „პატრიოტთა ალიანსი“ უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადადის. აქციების მთავარი მოთხოვნა იქნება - „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება“.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.