შსს განცხადებას ავრცელებს

2019-11-14 15:49:28

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

ადგილზე სამოქალაქო პლატფორმა "სირცხვილიას" წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებიან.

აქტივისტები და პოლიტიკოსები საზოგადოებას მოუწოდებენ, მივიდნენ პარლამენტის წინ და გააპროტესტონ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება.

აქტივისტების  თქმით, ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, კენჭისყრაზე ჩააგდეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.