რატომ ეძახიან სკვერს ჩიკაგოს სახელს

2019-11-09 13:19:17

რატომ "ჩიკაგო"? - რუსთავში არსებული ერთ-ერთი სკვერის სახელწოდებას სოციალურ ქსელში რუსთაველები განიხილავენ.

"ინფო რუსთავის" დამფუძნებლის, გიორგი ჩომახაშვილის მიერ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რუსთაველების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. "ისე ჩიკაგოს სკვერს ყანჩელის სახელი რომ დავარქვათ, რა აზრის ხართ? თან იქვე მუსიკალური სკოლაა" - წერს სოც. ქსელში ჩომახაშვილი.

ინიციატივას სოც. ქსელის მომხმარებელთა ნაწილი დადებითად შეხვდა, ნაწილმა კი სკვერისთვის სახელის გადარქმევის საკითხს სკეპტიკურად შეხედა.

"მშვენიერი აზრია, ჩიკაგოს სკვერი იმიტომ ერქვა, რომ ე.წ. "ქურდული გარჩევები" მანდ იმართებოდა, ბავშვობაში მანდ გავლასაც მიკრძალავდნენ. ყანჩელის სახელი კი მართლა იმსახურებს პატივისცემას, თან რუსთავის საპატიო მოქალაქე იყო", - წერს კომენტარებში ფეისბუქ მომხმარებელი.

"ჩიკაგოს ბაღი დარჩება ისევ ჩიკაგოთ. ვისი სახელიც არ უნდა დაარქვან", - პასუხობს ერთ-ერთი რუსთაველი.

"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა გაერკვია, რა გახდა აღნიშნული რეკრეაციული ზონისთვის სახელის შერჩევის მიზეზი და იმ კომენტარის ავტორს დაუკავშირდა, რომელმაც სკვერის სახელდება უკვდავყოფილად მიიჩნია. აღმოჩნდა, რომ კომენტარის ავტორი, ხვიჩა თინიკაშვილი სკვერის მიმდებარედ ცხოვრობს და საინფორმაციო სააგენტოს საშუალება მიეცა საკითხთან დაკავშირებით სხვა ადგილობრივებსაც გასაუბრებოდა.

"საქმის გარჩევები მიდიოდა ხოლმე მაგ ბაღში, მთელი შავი სამყარო აქ იკრიბებოდა, მოწევა, შატალოები, დალევა მიდიოდა, ჩხუბები და სტრელკები. ამიტომაც დაერქვა ჩიკაგოს, როგორც განგსტერების ქალაქის სახელი", - აცხადებს ხვიჩა თინიკაშვილი. თუმცა, თინიკაშვილი აღნიშნავს, რომ რა სახელიც არ უნდა შეურჩიონ სკვერს, მას მაინც "ჩიკაგოს სკვერს" დაუძახებენ.

"ალ კაპონეს ქალაქი იყო ჩიკაგო და მაგიტომ შეურჩეს ამ სკვერსაც ეგ სახელი, ახალგაზრდებში დიდი ჩხუბები და საქმის გარჩევები იმართებოდა ხოლმე მანდ",- განგვიცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

იცით თუ არა, რატომ "ჩიკაგო" და რას ფიქრობთ სკვერის სახელდების საკითხზე, აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები