თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები რუსთავში [video]

2019-11-02 18:51:15

სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები დასახლებულ პუნქტებთან და ცენტრალურ გზებთან ძალიან ახლოს - რუსთავისთვის თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები, როგორც ჩანს, გადაუჭრელ პრობლემად იქცა. [ვიდეო/video]

“ინფო რუსთავს” რუსთაველები აქტიურად უკავშირდებიან და აღნიშნული პრობლემის გაშუქებას სთხოვენ.

მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაბინძურება დასჯადია, ფიზიკური თუ იურიდიული პირები დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურებას მაინც არ ერიდებიან. საინფორმაციო სააგენტოს გადამღები ჯგუფი ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდა, სადაც უკანონოდ და თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები აღმოაჩინა.

“ინფო რუსთავი” რუსთავის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, აქვს თუ არა სამსახურს ინფორმაცია ქალაქში მსგავსი ნაგავსაყრელების არსებობის შესახებ. სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ხვედელიძემ განგვიცხადა, რომ: “შესაძლოა ვიღაცამ გუშინ დაყარა, ან რამდენიმე საათის წინ, მგონი ნაგვის კერა არ უნდა იყოს მაგ ადგილებში. ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს და თუკი ვინმე კონკრეტულად ნაგვის დამყრელი პირი ვნახეთ, ის ისჯება რა თქმა უნდა. შესაძლოა ვიღაცამ დაყაროს 1 მანქანა პარაზიტულად და წავიდეს, შეუძლებელია მას რომელიმე მუნიციპალურმა სამსახურმა მიაგნოს. თუმცა, როგორც ასეთი, სამშენებლო ნაგავსაყრელი მაგ ლოკაციებზე მოწყობილი არ არის”, - აცხადებს აკაკი ხვედელიძე.

შეგახსენებთ, გარემოს დაბინძურება ფიზიკური პირის 500, იურიდიული პირის კი 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

ვიდეო კადრები გადაღებულია მე-11 და მე-19 მიკრორაიონებში, იაღლუჯის ფერდობზე, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიებზე.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები