მამაკაცმა საკუთარი ძმა ცივი იარაღით მოკლა

2019-10-23 15:18:20

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ არღვლიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

ბესიკ არღვლიანმა სასამართლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიარა.
პროკურორის თქმით, მამაკაცმა ჩადენილი მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

ბრალდებული შეეცადა მოსამართლის დარწმუნებას, რომ ძმის მკვლელობის შემდეგ მიმალვა არ უცდია.

„დანაშაული მაქვს. ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი თავი დამნაშავედ მიმაჩნია. ჩემი ბრალია ყველაფერი, რომ დამეთმო, ეს არ მოხდებოდა. მე არ მივმალულვარ. მიტოვებულ სახლში გავიქეცი იმისთვის, რომ თავი მომეკლა“, - განაცხადა ბესიკ არღვლიანმა.

სასტიკი მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში 21 ოქტომბერს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ბესიკ არღვლიანმა საკუთარი ძმა ცივი იარაღით მოკლა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.