აზოტში ელ. სადგური გაიხსნა [video]

2019-10-21 14:49:43

"რუსთავის აზოტის" ტერიტორიაზე, კონდენსაციური ელექტროსადგური საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ელექტროსადგური "SIEMENS"- ის ორთქლის ტურბინის გენერატორის უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურივილი. [ვიდეო/video]

პროექტის საერთო ჯამური ღირებულება 5 500 000 აშშ დოლარია და როგორც საწარმოს გენ. დირექტორის პირველი მოადგილე ლევან ბურდილაძე აღნიშნავს, ელ. სადგური კომპანიას წელიწადში 60 000 000 ლარის დანაზოგს მოუტანს.

აღსანიშნავია, რომ ორთქლის ტურბინის გენერატორი ელ. ენერგიას გამოიმუშავებს იმ ორთქლის მეშვეობით, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ, ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზევე გამოიყოფა და რომლის გამოყენებაც წლების განმავლობაში არ ხდებოდა.

აღნიშნული ელექტროსადგური უზრუნველყოფს "რუსთავის აზოტის" წარმოებისთვის საჭირო, მთლიანი ელექტრო ენერგიის 20%-ს, რაც უნიკალურ საშუალებას იძლევა, კომპანიამ 20%-ით ნაკლები ელ. ენერგია შეიძინოს საბითუმო ბაზარზე.

"დღემდე თუ ჩვენ მოვიხმარდით და ვყიდულობდით 300 მლნ კილოვატ ელექტრო ენერგიას წელიწადში, მოხმარება იგივე რაოდენობის ელექტრო ენერგიის იქნება საჭირო, ოღონდ ყიდვა საბითუმო ბაზარზე დაგვჭირდება 60 000 000 -ით ნაკლები ელ ენერგიის. გამოთავისუფლებული თანხა ნაწილობრივ წელს უკვე მოხმარდა სახელფასო ფონდის ზრდას და მომავალში კიდევ მოხმარდება კომპანიის განვითარებას", - აცხადებს ლევან ბურდილაძე.

ელ სადგურის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები