რუსთაველებმა ჯგუფი "დაიმგზავრე" შექმნეს

2019-10-20 13:15:56

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება რუსთაველებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. როგორც მოქალაქეების ნაწილი აღნიშნავს, კომპანია "ინტერტრანსის" მხრიდან მომსახურების ხარისხი მგზავრობის საფასურის პირდაპირპროპორციულად არ გაზრდილა. რუსთაველები პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობენ და სოციალურ ქსელში "დაიმგზავრე - რუსთავი => თბილისი ან თბილისი => რუსთავი" - ამ სახელწოდებით დახურული ჯგუფი შექმნეს. როგორც იდეის ავტორების მიერ ჯგუფის აღწერაშია ნათქვამი, "დაიმგზავრე" "მგზავრების გაწამებული ცხოვრების შემსუბუქებას" ემსახურება.

"ჯგუფი "დაიმგზავრე" შეიქმნა რუსთავი-თბილისი (და პირიქით) მგზავრების გაწამებული ცხოვრების შემსუბუქების მიზნით...

მძღოლების საყურადღებოდ!
# გთხოვთ დაწეროთ 1) რომელ საათზე და საიდან გადიხართ რუსთავიდან (ან თბილისიდან) 2) რა მიმართულებით მიდიხართ 3) რა გიღირთ მგზავრის გადაყვანა? თუ არის უფასო;

მგზავრების საყურადღებოდ!
# გთხოვთ დაწეროთ რა დროს გადიხართ და საიდან?

! პოსტის დასაწყისშივე პირველი სიტყვა დაწერეთ "ჰეშთეგით" #მგზავრი ან #მძღოლი", - ნათქვამია ჯგუფის აღწერაში.

"# მძღოლი.დილამშვიდობისა,პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჯგუფის შექმნის იდეის ავტორს(ებს).  დღეს შარტავადან დაახლ.14:00 გავდივარ თბილისისკენ.მივდივარ ყაზბეგში...4 თავისუფალი ადგილი.უფასოდ!",  "ორზე თბილისში იუსტიციმადე ხომ არავინ მიდის?", "გავდივარ ვაგზლის მოედნიდან მაქვს 3 ადგილი უფასოდ", - "დაიმგზავრეში" ძირითადად მსგავსი შინაარსის პოსტებსა და ბევრ კმაყოფილ რუსთაველს შეხვდებით.

როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა "ინფო რუსთავს" უამბო, "დაიმგზავრე" მას უკვე დაეხმარა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით უფასო და კონფორტულ გადაადგილებაში. მარიამი სტუდენტია და ის საინფორმაციო სააგენტოს საშუალებით მადლობას უხდის მძღოლებს, რომლებიც მგზავრებს გადაადგილების პრობლემას უმსუბუქებენ და ადამიანებს მინიმალურ ფასად ან სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან.

"ამ ჯგუფში შექმნის დღიდან ვარ, რადგან ერთ-ერთი ავტორი ჩემი ფეისბუქ-მეგობარია და მან დამამატა. თავიდან რამდენიმე დღე მხოლოდ სიტუაციას ვაკვირდებოდი, როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს სრულიად უცხო ადამიანები გადაადგილებაში. პირველ რიგში მადლობა მძღოლებს, რომლებიც მინიმალურ ფასად, ან უფასოდ, ეხმარებიან მგზავრებს კონფორტულად გადაადგილებაში. ერთხელ მეც ვისარგებლე და ჯგუფის წყალობით გავიცანი ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც მოკლედ დროში კონფორტულად მიმიყვანა დანიშნულების ადგილამდე. ნამდვილად რთულია, როცა გაჩერებაზე მუდმივად ლოდინი გვიწევს, განსაკუთრებით სტუდენტებს, ხშირად გვექმნება დისკომფორტი და ეს ჯგუფი ნამდვილად კარგი წამოწყებაა ერთმანეთის დასახმარებლად", - აცხადებს ჯგუფის წევრი მარიამ ბატიაშვილი.

"დაიმგზავრეს" ამ დროის მონაცემებით 2 100 წევრი ჰყავს და მასში გაერთიანების მსურველთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს. იდეის ავტორები გიორგი თვალიაშვილი და ზიზი მაღალდაძე ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ის, რაც ამ ჯგუფში ხდება, ნამდვილად მისაბაძია.

"დაიმგზავრეში" გაერთიანების მსურველები, მგზავრები, რომელთაც დახმარება გჭირდებათ და მძღოლები, რომლებსაც ამ დახმარების გაწევა შეგიძლიათ, უნდა ეწვიოთ მითითებულ ბმულს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები