"ბავშვი არ შეიძლება გამოპრანჭოს მშობელმა"

2019-10-17 18:02:39

სოციალურ ქსელში ოზურგეთელი 7 წლის გოგონას ფოტოებმა და ვიდეოებმა აჟიოტაჟი გამოიწვია.

გოგონა, რომლის დედასაც საკუთარ პირად გვერდზე შვილის ფოტოები უდევს, მონაწილეობას სოციალური ქსელის ერთ–ერთ კონკურსში იღებდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ქორწილში გადაღებული ვიდეო, სადაც გოგონა ცეკვავს, აცვია მოკლე კაბა და მაკიაჟი აქვს გაკეთებული.

უფლებადამცველი ბაია პატარაია აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა: - "გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.

განათლების სამინისტროს საღათას ძილით სძინავს საპატრიარქოს და ვასაძისებრთა შიშით, სქესობრივი უმეცრება და პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში. ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე. შსს-ს უკვე მივმართე და გარკვეული ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვთ.

შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილების სამიზნედ. ბავშვის სექს-ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში პრაქტიკა" - აცხადებს ბაია პატარაია.

გოგონას დედა ხალხის რეაქციას ეხმაურება: - "ეს ჩემი შვილია, 7 წლის. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის," - წერს ქალბატონი.

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს თავის "ფეისბუქ" გვერდზე აკეთებს: - "ბავშვი არ არის ინსტრუმენტი, თოჯინა, სათამაშო .... ბავშვი არ შეიძლება გამოპრანჭოს მშობელმა, გაუკეთოს მაკიაჟი, რაც ყველაზე შემზარავია "გაასექსუალუროს" და მერე ფბ ზე გამოჭიმოს მისი ვიდეო, რომელსაც 150 000 ზე მეტი ნახვა აქვს - ანუ კარგი მასალაა ცუდად დაინტერესებული ადამიანებისთვის. ბავშვის ასეთ საფრთხეში ჩაგდება არ შეიძლება, სულ რომ გალიაში გამოკეტოთ და დაცული გყავდეთ - აზიანებთ, სერიზოულად აზიანებთ მის ფსიქიკას და ამას გარდა ნორმად აქცევთ ბავშვის სექსუალიზაციას. ასეთ მშობელს სოციალურმა სამსახურმა უნდა გააგებინოს საკუთარი ფუნქცია, სულ რომ მდიდარი და გავლენიანი იყოს, სოციალურ სამსახურს აქვს უფლებამოსილება ეს გააკეთოს, რადგან ბავშვის ინტერესი არის უპირატესი.
P.S. არ მკითხოთ რა მოხდა, მაშინ მომიწევს ლინკების მოცემა და გავრცელება იმისი, რაც პირიქით უნდა შეიზღუდოს ამ სივრცეში. რაც მოხდა მიწერია ისედაც"- აცხადებს ფსიქოლოგი.

უფლებადამცველები კი  შსს-ს და სოციალურ სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. უფლებადამცველ ბაია აპატარაიას განცხადებით, ბოლო დროს ძალიან მოიმატა საქართველოში პედოფილიის ბრალდებით დაკავებული პირების რიცხვმა და მშობლებს მეტი ყურადღება და სიფრთხილე მართებთ.