"სუფთა ჰაერი რუსთავს"

2019-10-16 16:56:05

რუსთავში არსებული უსიამოვნოს სუნი - პრობლემის განხილვამ სოციალური ქსელიდან ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა.

"სიმყრალე გვკლავს", "რატომ წამლავთ ჩვენს შვილებს?!", "სუფთა ჰაერი რუსთავს!" - ამ სლოგანებით საპროტესტო აქცია მოქალაქეებმა რუსთავის მთავარი ადმინისტრაციული შენობის წინ გამართეს.

აქციის მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობისგან რადიკალური ზომების გატარებასა და პრობლემის უმოკლეს ვადებში მოგვარებას მოითხოვენ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნინო იმედაშვილი აცხადებს, მერიამ ექსპერტების ჩართულობით უნდა გამოიკვლიოს, აყენებს თუ არა ზიანს ადამიანს და გარემოს სოკოს ქარხანაში მიმდინარე საწარმოო პროცესი.

"სიმყრალე ნახევარ ქალაქს ძალიან მწვავედ აწუხებს. ასობით რუსთაველი ყოველ დღე ითხოვს რეაგირებას და შველას სოციალური ქსელის დახმარებით. ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ვითხოვთ პროაქტიულად საკითხის გადაწყვეტას. კერძოდ, აუცილებელია სწრაფად დაიდოს დასკვნა, რა ვითარებაში ხდება ამ პროდუქციის წარმოება და ხდება თუ არა ადამიანისთვის და გარემოსთვის ზიანის მიყენება", - აცახდებს ნინო იმედაშვილი.

აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა იყო ქალაქის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან შეხვედრა. მერმა მოქალაქეების ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, შეხვედრის დეტალებს კი "ინფო რუსთავი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

რუსთავში არსებული უსიამოვნო სუნის პრობლემას საინფორმაციო სააგენტო უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად აშუქებს. სწორედ "ინფო რუსთავი" იყო პირველი წყარო, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უსიამოვნო სუნის წარმოშობის კერა შესაძლოა ქალაქის მიმდებარედ არსებული სოკოს საწარმო ყოფილიყო. ვარაუდი დაადასტურა ექსპერიმენტმა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI