ბიზნესმენი, რომელსაც მოკლულთან უთანხმოება ჰქონდა

2019-10-16 12:46:41

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მოკლულის გარემოცვაში ყვებიან, ბიზნესმენი, რომელმაც სავარაუდოდ მუმლაძის მკვლელობა შეუკვეთა, ლევან ღონღაძეა, მას საზოგადოებაში როგორც ხაშურელ "ავღანას" ისე იცნობენ. 

ლევან ღონღაძე ხაშურში მსხვილი ბიზნესების მფლობელია. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ღონღაძეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან წილის მიტანას სთხოვდნენ, მას ქურდული სამყაროსთვის თანხის მიცემა აღარ სურდა და მუმლაძეს დახმარება სთხოვა. თხოვნაზე ბიზნესმენმა უარი მიიღო, რამაც მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, კონფლიქტი ღონღაძესა და მუმლაძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

უთანხმოების არსებობას მასსა და დავით მუმლაძეს, იგივე ზურაბ დადეშელს შორის, ურყოფს თავად ლევან ღონღაძე, თუმცა ადასტურებს, რომ ზურაბ ჯღარკავას ძმა მისი ბიზნესპარტნიორი და ბავშვობის მეგობარია. ჯღარკავა ამ დრომდე დავით მუმლაძის მკვლელობისთვის იძებნება.

შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუმლაძის მკვლელობა სავარაუდოდ ქართველმა ბიზნესმენმა შეუკვეთა, “ინფო რუსთავს” ექსკლუზიურად მიაწოდა საქმეზე დაკავებული გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა ალეკო კობაიძემ.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურს, დავით მიროტაძესა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დრომდე იძებნება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ჯღარკავა.