ახალი დეტალები რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

2019-10-13 00:37:19

დავით მუმლაძის მკვლელობა ქართველმა ბიზნესმენმა შეუკვეთა, - ამის შესახებ “ინფო რუსთავის” გადაცემა Free Live-ში საქმეზე დაკავებული გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა ალეკო კობაიძემ განაცხადა.

კობაიძის მიერ საინფორმაციო სააგენტოსთვის ექსკლუზიურად მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუმლაძე აღნიშნულ ბიზნესმენს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდგომაც ბიზნესმენმა 35 წლის მამაკაცის ლიკვიდირება განიზრახა.

“აღნიშნულ საქმეს ჰყავს შემკვეთი. ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ ეს მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არ მომხდარა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, აწ გარდაცვლილი იყო კონფლიქტში ერთ-ერთ ბიზნესმენთან, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და საკმაოდ გავლენიანი პირია. ჩემი ინფორმაციით, გარდაცვლილი ფიზიკურად გაუსწორდა აღნიშნულ ბიზნესმენს და ამის შემდგომ ბიზნესმენმა გადაწყვიტა შური ეძია. ამის თვითმხილველებიც არსებობენ. სწორედ მის მიერ მოხდა შეკვეთა და შემდეგ უკვე შესრულება იმ ფორმით, რა ფორმითაც შესრულდა”, - აცხადებს ალეკო კობაიძე.

ადვოკატმა ხსენებული ბიზნესმენის ვინაობის გაჟღერებისგან გადაცემაში თავი შეიკავა. როგორც მან აღნიშნა, არ სურს გამოძიებას ხელი შეუშალოს, თუმცა ფიქრობს, რომ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებების მხრიდან განმარტებები ძალიან მალე გაკეთდება. გეთაშვილის უფლებადამცველმა ისაუბრა მკვლელობასთან დაკავშირებით თავდაპირველად გავრცელებულ ვერსიაზეც, რომლის თანახმადაც, მუმლაძის მოკვლა ესპანეთში დაიგეგმა და თქვა, რომ აღნიშნული ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.

გარდა ამისა, კობაიძემ გადაცემაში საქმესთან დაკავშირებით გაუხმაურებელი კიდევ ერთი დეტალი გააჟღერა. მისი თქმით, დავით მუმლაძე იგივე ზურა დადეშელი წამებით მოკლეს, როგორც კობაიძე საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით აცხადებს, მამაკაცს ყელი აქვს გამოჭრილი.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურს, დავით მიროტაძესა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დრომდე იძებნება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ჯღარკავა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები