რას ჰყვებიან დაკავებული პოლიციელები

2019-10-14 13:41:16

რუსთავში მოკლული 35 წლის დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული პოლიციელების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებების კიდევ ერთი ნაწილი ვრცელდება.

კერძოდ, მედიაში გავრცელდა მიხეილ ღუბიანურის ჩვენების კიდევ ერთი ფრაგმენტი, საიდანაც ირკვევა, რაში გამოიყენა პოლიციელმა შესრულებული დავალებისთვის მიღებული თანხა, 4000 ლარი.

"...გზაში გვისვამდა მუმლაძე კითხვებს, რატომ დამაკავეთ, რაშია საქმეო, მაგრამ არაფერს ვპასუხობდით... პოლიციაში ვიყავი 5 ოქტომბერს, რომ შემოვიდა შეტყობინება, მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყაო, ეს იყო მუმლაძის ცხედარი. როგორც დათო მიროტაძისგან ვიცოდი, მას ცემას უპირებდნენ და იძულებულს გახდიდნენ საქართველო დაეტოვებინა. მოულოდნელად ვგებულობ, რომ ჯღარკავას და ასათიანს ის მოუკლავთ... რაც შეეხება 4.000 ლარს, იმ ფულით ვალები გავისტუმრე, 600 დოლარი პროცენტიანი ვალი მქონდა და მივეცი. 500 ლარი საქართველოს ბანკის ბანკომატში ჩავრიცხე, 300 ლარი კი დედაჩემს მივეცი, ხოლო დანარჩენი პირადი ოჯახური საჭიროებისთვის დავხარჯე", - წერს ღუბიანური.

ასევე გავრცელდა ყოფილი სამართალდამცველის, დიტო დუღაშვილის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ გატაცებულ მუმლაძეს პოლიციელების დანახვაზე იმედიც კი ჩაესახა, რომ მას არაფერი ემუქრებოდა.

"...მიროტაძე ვაცაპით დამიკავშირდა­ და მითხრა, მოუკლავთო ის ბიჭი ასათიანს­ და ჯღარკავას. 4.000 ლარიდან 1.600 ლარი ვალი გავისტუმრე. 900 ლარით დავფარე მინიკრედიტის ვალდებულება, 900 ლარი ასევე გადავიხადე ლიბერთი ბანკში, 200 ლარი ვალი დავუბრუნე ჩემს მეგობარ ლევანს, რაც შეეხება 200 ლარს, ვიყიდე სურსათი... როდესაც იმ პირს უკანონოდ აღვუკვეთეთ თავისუფლება, ის გზაში გვეუბნებოდა,­ რომ გახარებული იყო, რადგან ვიყავით პოლიციის თანამშრომლები და არა სხვა პირები. მისი განმარტებით, მას ჰყავდა მტრები, ახსენებდა ვიღაც ზურას, რომელსაც რაღაც ენები მიუტანეს და გადაკიდებული იყო მასზე", - წერს დუღაშვილი.

"ინფო რუსთავმა" რამდენიმე დღის წინ გაავრცელა საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი სამართალდამცველის, დავით მიროტაძის ჩვენება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო პროცესზე, სადაც დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე იმსჯელეს, ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჩვენებებში მოცემულ ინფორმაციას დაკავებულები არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყველა პირს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.