ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

2019-10-09 13:26:45

დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთაშვილი მამა, რუსთავის საქალაქო სასამართლოში შეუძლოდ გახდა. მამაკაცმა თავი სუსტად მას შემდეგ იგრძნო, რაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ბრალდების მხარე აცხადებდა, დაკავებულებს საზღვარგარეთ კავშირები აქვთ, რის გამოც, ისინი მოსალოდნელი ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამო, შესაძლოა, მიმალულიყვნენ. პროკურატურა ასევე აცხადებდა, რომ დაკავებულების ნაწილს - გიორგი გეთაშვილსა და გიორგი ასათიანს, საზღვარგარეთ წასვლის გამარტივების მიზნით, გვარიც კი შეცვლილი აქვთ. ამას გარდა, პროკურატურა განმარტავდა, რომ საყურადღებო იყო ის ფაქტიც, რომ გამოძიებამ მკვლელობის იარაღის ამოღებაც ვერ შეძლო, რომელიც ბრალდებულს აქვს გადამალული. შესაბამისად, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, ბრალდებულებმა ხელი შეუშალონ.

დაცვის მხარე დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახევარმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები