მამაკაცს ქუჩაში ფული გამოძალეს [video]

2019-10-12 13:49:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.თ. თბილისში დააკავეს. [ვიდეო/video]

ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, 26 მაისის მოედანზე, 1968 წელს დაბადებულ გ.თ.-ს იარაღის მსგავსი საგნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1100 ლარი წაართვა და მიიმალა. დაზარალებულმა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ა.თ.-ს გარეგნული ნიშნები აღუწერა და მისი წასვლის მიმართულება მიუთითა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულს რამდენიმე წუთში, ერთ-ერთი კაზინოს ვესტიბიულში მიაკვლიეს. პოლიციამ ადგილზე ჩაატარა მისი პირადი ჩხრეკა და უკანონოდ მოპოვებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.