პატრიარქის საკვირაო ქადაგება

2019-10-06 13:57:14

არავითარ შემთხვევაში, წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორემ ქადაგებისას ადამიანთა ცხოვრების მიზანზე ისაუბრა.

"მე კიდევ ერთხელ, ყველას გეხვეწებით, დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები თქვენი. არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის. წერია ბიბლიაში, როცა ბოროტი სული მიხვდება, რომ აღსასრული მოდის მისი, გააძლიერებს ბრძოლას ადამიანთან. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისგან.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს და ამიტომ თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველ დღე, საღამოს თქვენ უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო-კარს და აუცილებლად საღამოს, ძილის წინ ლოცვები წაიკითხოთ. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენი ახალგაზრდები თავს იკლავენ. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. იღუპება ადამიანის სული. ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი სახლი, თქვენი კარმიდამო", - ბრძანა პატრიარქმა.